მორის რაველი
მორის ჟოზეფ რაველი (ფრანგ. Joseph Maurice Ravel; დ. 7 მარტი, 1875 სიბური, ატლანტიკის პირინეები – გ. 28 დეკემბერი, 1937, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1929). დაამთავრა პარიზის კონსერვატორია. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში შექმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები („პავანა ინფანტის გარდაცვალებაზე“ ფორტეპიანოსათვის (1899)). თავის შემოქმედებაში ავითარებდა იმპრესიონიზმის პრინციპებს. ამ მხრივ აღსანიშნავია საფორტეპიანო ნაწარმოებები: „წელის თამაში“ (1901), „ანარეკლები“ (1905), „ღამის გასპარი“ (1908), აგრეთვე ბალეტი „დაფნისი და ქლოე“ (ლიბრეტო მ. ფოკინისა (1911), დაიდგა პარიზში (1912)). რაველის მუსიკაში აისახა ესპანური მელოდიკა და რიტმი (საორკესტრო „ესპანური რაპსოდია“ (1907); კომედიური ოპერა „ესპანური საათი“ (1907, დაიდგა 1911 წელს, პარიზში); („ბოლერო“ ორკესტრისათვის (1928), და სხვ.)). რაველს იტაცებდა აგრეთვე ძველებური და თანამედროვე ცეკვები, ჯაზური რიტმები („კეთილშობილი და სენტიმენტალური ვალსები“ ფორტეპიანოსათვის (1911); ოპერა „ბავშვი და ჯადოქრობა“ (1925, მონტე-კარლო); ქორეოგრაფიული ოპერა „ვალსი“ (1920) და სხვ.)
პირველი მსოფლიო ომის (1914-18) დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა საფორტეპიანო სიუიტა „კუპერენის აკლდამა“ (1917). იყო აგრეთვე პიანისტი და დირიჟორი.