top of page

რამაზ ჩხიკვაძე

  • თანამგზავრი
  • Feb 28, 2017
  • 2 min read

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე (დ. 28 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 17 ოქტომბერი, 2011, იქვე) — ქართველი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1980). დაიბადა ცნობილი მუსიკათმცოდნის გრიგოლ ჩხიკვაძის ოჯახში. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიზვარულისა“), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), მაქჰითი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), თედო (მ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ფადინარი (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), აკოფა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, აზდაკი, ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ და სხვა). რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი შედგა ა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაში“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი) ამ სპექტაკლით გაიხსნა თბილისში ახალი თეატრი „თეატრალური სარდაფი“. ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.გადაღებულია კინოფილმებში: „ლონდრე“ (დიამბეგი, 1963), „ჩირიკი და ჩიკიტელა“ (გიტარა-მაიორი, 1975), „ნატვრის ხე“ (მღვდელი, 1977), „ნერგები“ (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვა. სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ

. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის, გვერდით.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page